“ვალდებული არ ვარ, გითხრათ“ - რატომ არ რეგისტრირდებიან რუსული ორგანიზაციები რუსულ რეესტრში

05.09.24 17:23
“ვალდებული არ ვარ, გითხრათ“ - რატომ არ რეგისტრირდებიან რუსული ორგანიზაციები რუსულ რეესტრში

გაიარეს თუ არა რეგისტრაცია ე.წ. აგენტების რეესტრში იმ ორგანიზაციებმა, ვინც ფულს ოკუპანტი ქვეყნიდან იღებს? - "სპუტნიკი საქართველო", ტელეკომპანია "მირის" წარმომადგენლობა, რუსეთის "პირველი არხის" წარმომადგენლობა, ბეჟენცევის ორგანიზაცია, "პრიმაკოვის ფონდი" - ეს იმ ორგანიზაციების მცირე ჩამონათვალია, ვისაც ფული რუსეთიდან ერიცხება.

“პირველების“ კითხვას - გაიარეს თუ არა რეგისტრაცია ე.წ. აგენტების რეესტრში, ისინი უკმაყოფილებით ხვდებიან და პასუხისგან თავს იკავებენ.

რუს ახალგაზრდათა კავშირის და რუსული კლუბის ხელმძღვანელები საერთოდ კამერებს ემალებიან და იტყუებიან, რომ ქალაქში არ იმყოფებიან.

როგორც ირკვევა, ჩამოთვლილი  ორგანიზაცების დიდი ნაწილი დაფინანსებას ძირითადად ლავროვის ფონდიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან სხვადასხვა ფონდებიდან იღებენ, თუმცა ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტირებას არ აპირებენ.

საქართველოში მოქმედი რუსული მედიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი რუსული ფულით არ ფინანსდებიან და საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენენ.

არ ვართ ჩვენ უცხოური გავლენის აგენტები, ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხანია, დარეგისტრირებულია სადაც საჭიროა, კანონით როგორც საჭიროა, ყველაფერი გვაქვს კანონის შესაბამისად მოწესრიგებული. არ გვაქვს რუსული დაფინანსება, ვალდებული არ ვარ გითხრა, თუ გინდა რუსული დაარქვით, თუ გინდა კამბოჯას ტელევიზია, ეგ საერთოდ არ გვაინტერესებს, -  ამბობს ნანა ფეიქრიშვილი.


შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის ფონზე მიიღო. მესამე სექტორმა და ოპოზიციამ სარჩელით, შეჩერდეს რუსული კანონის ამოქმედება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სამდღიანი პროცესების შემდეგ სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია. მესამე დღეა მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

3 სექტემბრიდან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს ორგანიზაციები რუსული კანონით გათვალისწინებულ რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს, დააჯარიმოს ან დაიწყოს ე.წ. მონიტორინგი.

მას შემდეგ რაც რუსულ კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა, საშიში კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევიდა.

კანონი, გამოქვეყნებიდან 2 თვეში, 3 აგვისტოს შევიდა ძალაში. ორგანიზაციებს 1 თვე ჰქონდათ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის.

2 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ რეესტრში 469 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც სრული რაოდენობის 2%-იც კი არ არის. 

რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში არაჩივრებენ - კოლეგიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შეაჩერებს თუ არა დროებით რუსული კანონის მოქმედებას.