ვენეციის ფესტივალზე პუტინის რეჟიმის მამხილებელი ქართული ფილმის ჩვენება ხელახლა დაუშვეს
ვენეციის ფესტივალზე პუტინის რეჟიმის მამხილებელი ქართული ფილმის ჩვენება ხელახლა დაუშვეს.
რუსუდან გლურჯიძის ფილმის The antique-ს ჩვენება 6 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე შედგება.
როგორც კინოფესტივალის პროგრამა Giornate degli Autori წერს, ფილმის ავტორიზაციაზე გადაწყვეტილება ვენეციის სასამართლომ მიიღო და მანვე აღიარა "რეჟისორის მორალური უფლებები".
"ჩვენ არც ერთი წამით არ შეგვიწყვეტია რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის განუყოფელი უფლების, ანუ მისი ფილმის ვენეციის მაყურებლის ჩვენების მნიშვნელობის მხარდაჭერა.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, კინემატოგრაფისტთა ყველა ასოციაციის სოლიდარობით, წარმოგვედგინა შესაგებებელი სარჩელი ვენეციის სასამართლოში, რომელშიც ჩართული იყო ადვოკატების, ფაბიო მორეტის, მანუელა მოლინარისა და ჯულიო ბერინოს გუნდი საერთაშორისო სამართლის საქმეებზე მომუშავე კომპანია Castaldipartners-იდან, რომელიც მოქმედებდა ადვოკატ გენდალინა პონტისთან, ჩვენს მრჩეველთან ერთად.
ვენეციის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ცალსახად დანიშნა ჩვენება, რეჟისორის მორალური უფლებების აღიარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლიანობა აღსრულდა კინემატოგრაფიულ ხელოვნებასთან, ჩართულ შემოქმედებასთან, ქართველ კინორეჟისორ რუსუდან გლურჯიძესთან და თავად მის ფილმთან მიმართებაში. უპირველეს ყოვლისა, შეიქმნა პრეცედენტი ვენეციის კინოფესტივალზეც, რომელიც ყველგან სარგებელს მოუტანს კინემატოგრაფისტებს“. - თქვა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგრამის დირექტორმა, ფრანჩესკო რანიერი მარტინოტიმ.
შეგახსენებთ, რომ გლურჯაძის ფილმის საკონკურსო პროგრამიდან ამოღების მიზეზად სცენარის საავტორო უფლებების შესახებ დაწყებული დავა დასახელდა, თუმცა ოფიციალური ვერსია დამაჯერებელი არავისთვის არის.
იტალიური მედია აქტიურად წერდა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ანტი- პუტინისტური ფილმი უბრალოდ დაბლოკეს.