შპს "ერ ტე დემ" ₾18.4-მილიონიანი ტენდერების ვადებს 1 წელი გადააცილა და შავ სიაში მოხვდა - "ფლანგვის დეტექტორი"
შპს "ერ ტე დემ" 18.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერების ვადებს 1 წელი გადააცილა და შავ სიაში მოხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ მოცემულმა კომპანიამ ვადის გადაცილების პარალელურად, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კიდევ 2 ტენდერი არაჯეროვნად შეასრულა.
შპს „ერ ტე დე“ 2013 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს გზების და ავტობანების მშენებლობა წარმოადგენს. არსებობის განმავლობაში, კომპანიამ 140 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერის მოიგო. მისმა მფლობელმა და დირექტორმა, ლუხუმ ქართლოსიშვილმა, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა.
შპს „ერ ტე დეს“ მიერ მოგებული პირველი ტენდერი (NAT210012014), რომლის გამოც შავ სიაში დაარეგისტრირეს, ითვალისწინებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-33) მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის კმ15-კმ30 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ტენდერში კომპანიამ სხვა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ გაიმარჯვა. ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების თანხა 8,699,999.97 ლარი იყო, საიდანაც კომპანიას 5,669,546.92 ლარი დაერიცხა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2023 წლის 13 ივნისი განისაზღვრა, თუმცა მასში შეტანილი ცვლილებების შედეგად ვადამ ერთი წლით გადაიწია.
მეორე ტენდერი (NAT220006258) საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-8) ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებდა. ხელშეკრულების თანხა 9 699 999.80 ლარი იყო, საიდანაც „ერ ტე დეს“ 6 660 669.43 ლარი დაერიცხა. ხელშეკრულება მხარეებს შორის 2022 წლის 30 მაისს გაფორმდა და სამუშაოები წერილობითი დავალების გაცემიდან რვა თვეში უნდა დასრულებულიყო. საბოლოოდ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულმა მოქმედების ვადამ ცვლილებების შედეგად ერთი წლით და ორი თვით გადაიწია.
არაჯეროვნად შესრულებული სამუშოების გამო შპს „ერ ტე დე“ შავ სიაში სამჯერ არის დარეგისტრირებული – ერთი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის, დანარჩენი ორი კი სტატიაში განხილული პროექტების არაჯეროვნად შესრულების გამო. შავ სიაში დარეგისტრირების განკარგულებებში ვკითხულობთ, რომ პირველი ტენდერის შემთხვევაში კომპანიამ ხელშეკრულების ღირებულების 68%, ხოლო მეორე ტენდერის შემთხვევაში 72% შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია შავ სიაში შეყვანის ამ ორ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და როგორც განკარგულებებიდან ირკვევა, მათ სასამართლოს მიმართეს აღნიშნულის თაობაზე", - წერს ორგანიზაცია.