აქციაზე დაკავებულების პროცესი - რა ხდებოდა ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომაზე?

09.09.24 17:27
აქციაზე დაკავებულების პროცესი - რა ხდებოდა ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმეზე სხდომა გაიმართა - დღევანდელ პროცესზე მოსამართლის წინაშე ის ერთადერთი მოწმე, ილია გოგიძე დაიკითხა, რომელმაც ხელი ბრალდებულს დაადო.

ილია გოგიძე სწორედ ის მოქმედი მეხანძრე-მაშველია, რომელიც 2 მაისის ღამეს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მისი განმარტებით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ახორციელებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ცდილობდა სხდომაზე მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ხალმხრავალ აქციაზე დაინახა, დაიმახსოვრა და ახლა უკვე შეუძლია ამოიცნოს ბიჭი, რომელმაც ქვა შორი მანძილიდან მის კოლეგას ესროლა.

ადვოკატის მიერ დასმული დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ, ილია გოგიძემ განაცხადა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ  გამართულ აქციაზე მეხანძრე-მაშველებსა და დემონსტრანტებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი იდგა. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს მოცემულობა უჩენს დაცვის მხარეს საფუძვლიან ეჭვს, თუ როგორ იყო შესაძლებელი, რომ ბრალდებულს ქვა იმდენად ძლიერად ესროლა, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებს გასცდენოდა და მეხანძრე-მაშვლეს მხარზე მოხვედროდა. 

ვიყავი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში. აგრესიულმამ მოქალაქეებმა დაიწყეს ნივთების სროლა, ბლაგვი საგნების სროლა. ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა და თვალში მომხვდა ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ და აძვრა რკინის კარზე, მოაძრო თავზე რაღაც და მოძრობის შემდეგ რამდენჯერმე გამოისროლა. იგინებოდა, ილანძღებოდა. ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს ერთ-ერთი პიროვნებისგან გამოსროლილი ქვა მოხვდა მხარში. მე უშუალოდ დავინახე ეს ფაქტი. როგორ მოვახდინეთ იდეტიფიცირება და იყო ახალგაზრდა ბიჭი, 30-წლამდე, მეტრა 70 სიმაღლის, მეორე საშუალო სიმაღლის, მუქი ფერის თმებით და სუსტი აღნაგობის. საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი იდგა იმ ადგილას, საიდანაც აგრესია მოდიოდა", - ამბობს მოწმე. 

ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმეზე მოსმენას სასამართლო 17 სექტემბერს გააგრძელებს.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან - სხვისი ნივთის დაზიანებას და ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას. საუბარია, ასევე რკინის ჯებირის დაზიანებაზე და მეხანძრე მაშველისთვის ქვის სროლაზე. ბუბუტეიშვილი ბრალდებას არ აღიარებს და  მბობს, რომ ქვა ნამდვილად ეჭირა, მაგრამ მას პარლამენტის შენობაში მყოფი მეხანძრისთვის არ უსვრია.