აუცრელობის შემთხვევაში შესაძლოა ტესტირება ფასიანი გახდეს - ვის შეეხება შეზღუდვა

17.08.21 12:15
აუცრელობის შემთხვევაში შესაძლოა ტესტირება ფასიანი გახდეს - ვის შეეხება შეზღუდვა

შეიძლება სახელმწიფომ თავისი ხარჯით აღარ გატესტოს სხვადასხვა ჯგუფი - საუბარია საქართველოს მთავრობის #975 განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებზე, რომლებიც პერიოდულად იტესტებიან კორონავირუსზე. ინიციატივის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. 

უფრო კონკრეტულად, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები 15 სექტემბრიდან სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან:

საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური ტესტი. ამიტომ სადღაც 15 სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით. ამავდროულად მათ ექნებათ ვალდებულება, ტესტი ჩაიტარონ. თუ ორჯერ ვაქცინირებულები იქნებიან, ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ტესტირებას. მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოფს და უფასოდ ცრის მათ, კეთილი ინებონ და აიცრან.  ისინი გარკვეულ პერიოდში კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიტესტონ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაცია შეეხებათ მასწავლებლებს, პოლიციელებს,  სხვადასხვა მოლების, მაღაზიების თანამშრომლებს და სხვა.

ჩემს კოლეგებზე ალბათ გამონაკლისი იქნება, მაინც ის წინა ხაზია. ესენი არიან სხვადასხვა ესენციური ჯგუფები, როგორიც არიან სხვადასხვა მოლების, მაღაზიების თანამშრომლები, მასწავლებლების გარკვეული ჯგუფები, პოლიციის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან. დიდია ეს ჩამონათვალი. მთავრობის 975-ე დადგენილებაა და იქ შეგიძლიათ, ნახოთ სრულად. თუ ისინი აიცრებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. თუ არ აიცრებიან, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ მოუხდებათ ან თვითონ, ან დამსაქმებლებმა გადაიხადონ ეს თანხა,” – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები