რა გახდა წინანდალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი - ადგილზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება (ვიდეო)

17.08.21 13:38
რა გახდა წინანდალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი - ადგილზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება (ვიდეო)

სისხლიანი გარჩევა წინანდალში და სამი გარდაცვლილი - ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, ამ წუთებში თელავის სამხარეო პოლიციაში ბრალის წარდგენას ელოდება. "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ხვდება. 

სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით კი რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, კონკრეტულ საკითხზე დაწყებული კონფლიქტის დალაგება საკუთარ თავზე ზურაბ ზვიადაურმა აიღო. ორმხრივი სროლა კი მსხვერპლით დასრულდა. 

ირკვევა, რომ გარდაცვლილი, 27 წლის ნიკა კენჭოშვილი, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ხელოსნად მუშაობდა, ახალგაზრდა მამაკაცი კაფელ-მეტლახს აგებდა. სწორედ ამ სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა ზვიადაურის მეგობარს, ვასილ ცოცხალაშვილს. ირკვევა, რომ გუშინ დაპირისპირება თავდაპირველად ცოცხალაშვილსა და კენჭოშვილს შორის დაიწყო, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხალაშვილმა თავის მხრივ ძმებ ზვიადაურებს დაურეკა და კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება სთხოვა. მკვლელობა კი რედისონის უკან მდებარე ვილების ტერიტორიაზე მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი ვასილ ცოცხალაშვილმა გახსნა. ეს უკანასკნელი პანკისის ხეობიდან იყო და ნათესაური კავშირი ჰქონდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებულ ცოცხალაშვილთან. 

რაც შეეხება ოლიმპიური ჩემპიონის მონაწილეობას მკვლელობაში, არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვასილ ცოცხალაშვილმა ცეცხლი გახსნა, კენჭოშვილმა ზურაბ ზვიადაურის ძმას, ზვიად ზვიადაურს, ესროლა. ძმის მკვლელობის თვითმხილველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. 

წინანდალში გავრცელებული კიდევ ერთ ვერსიის თანახმად ძმებ ზვიადაურებსა და რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება ბიზნესწილების გამო დაიწყო.

ძიუდოისტი წინანდლის ტყეში ღვინის წარმოებას გეგმავდა, რის გამოც კონფლიქტი მოუვიდა პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ სამი ადამიანის მკვლელობით დასრულდა. 

წინანდალში მომხდარ ფაქტზე ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად დაკავებულია ერთი პირი. მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ორი იარაღი-პისტოლეტი და ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ორმხრივი სროლა სოფელ წინანდალში გუშინ საღამოს 19:00 საათისთვის მოხდა. სულ დაიჭრა ხუთი ადამიანი, მათგან სამის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ექიმი ამბობს, სამივე პირი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი სამედიცინო დაწესებულებამდე ზურაბ ზვიადაურმა მიიყვანა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები