საოკუპაციო რეჟიმი შიდა ქართლში, სოფელ ბერშუეთთან, ისევ გამოჩნდა

17.08.21 14:22
საოკუპაციო რეჟიმი შიდა ქართლში, სოფელ ბერშუეთთან, ისევ გამოჩნდა

გადმოწეული  ე.წ. საზღვარი და დაკარგული მიწები. საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართების პოლიტიკას განაგრძობს. ბოლო რამდენიმე დღეა, ოკუპანტები სოფელ ბერშუეთთან ისევ გამოჩნდნენ. სოფლის ტერიტორიაზე განჩდა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ნიშნულებიც. ინფორმაციას ავრცელებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია". ამ ფაქტს არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუმცა ,,პირველებთან" საუბრის დროს მოსახლეობა ამბობს, რომ იქ სადაც დღეს მავთულხლართებია, რამდენიმე დღის წინ რკინის კონსნტრუქციები არ შეინიშნებოდა. ადგილობრივები მავთულხლართის გასწვრივ გადაადგილებისაგან თავს იკავებს, რადგან ოკუპანტებისგან გატაცების საფრთხე დიდია.

შიში გვაქვს მაგათი. სოფელს ვერ ვცდებით. გვეშინია, რომ დაგვიჭირონ, მით უმეტეს, რომ უკვე რამდენი შემთხვევა არის. საქონელსაც ვერ ვუშვებთ, სოფლის ბოლოში ვატრიალებთ. ოკუპანტები ხშირად მუშაობენ, მავთულხლართების მეტი რა არის, ის ჩვენი ტერიტორია იყო, ნახირს ვმწყემსავდით, ახლა ხალხი ერიდება იქაურობას - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

 ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, რომ ოკუპანტები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან. მათივე განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მიწებს, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ვეღარ ამუშავებენ.