ფეისბუქზე ყალბი პროფილით მოქალაქეს 300 დოლარი გამოსძალეს - დაკავებულია ერთი პირი

18.08.21 11:45
ფეისბუქზე ყალბი პროფილით მოქალაქეს 300 დოლარი გამოსძალეს - დაკავებულია ერთი პირი

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ თაღლითობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში, კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნ.ღ.-ს მისწერა თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი.

შსს-ს ინფორმაციით, ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, გ.ლ-ს სახელზე გამოგზავნა თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით.

უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან, რითაც ნ.ღ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.