მეტადონის პროგრამის ბენეფიციარებს ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

18.08.21 13:32
მეტადონის პროგრამის ბენეფიციარებს ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ჯანდაცვის მინისტრი მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციარების მოთხოვნას გამოეხმაურა და მათ საკითხის მოგვარებას დაპირდა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეპიდვითარების გამო შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს სქემაზე, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პუნქტში მისული პირი  ერთდროულად 5 დღის დოზის გატანას შეძლებს. მინისტრის განმარტებით,  ამ მხრივ წარსული გამოცდილებით რისკი დიდია, სწორედ ამიტომ ახლა პრეპარატის განაწილების სქემას სპეციალისტებთან გადიან. 

გადაწყვეტილება არ მიიღება ერთპიროვნულად, CCM  მსჯელობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენჯერმე იქნა გადაწყვეტილება მიღებული 5 დღიანი პერიოდით დოზის გატანებასთან მიმართებაში, რამაც გამოიწვია, გარკვეულწილად, როგორც შეკითხვები, ასევე, ხარვეზები კონტროლთან მიმართებაში. სწორედ ამის გამო მოხდა პროგრამის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ყოველდღიურად გაეცემათ მათ პრეპარატი. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მსჯელობა, ასევე, გაგრძელდეს დაკვირვება და ყველანაირი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ და ყველა ინსტრუმენტის ამუშავების შემდეგ, რათა პროგრამას არ შეექმნას საფრთხე, მიღებული იქნეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება რიგებს, რიგებში მოწოდებული არის, რომ უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, რაც არის საკმაოდ მატრივად სამართი, - აცხადებს ტიკარაძე. 

მეტადონის პროგრამის ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, დაწესებულებებთან, სადაც წამლის დოზის მიღება ხდება, კოვიდრეგულაციებს არავინ იცავს და მათი დაინფიცირების შანსი დიდია. ბენეფიციარები ჯანდაცვის სამინისტროს 5 დღის დოზის წინასწარ გაცემას სთხოვენ.