ჩხუბს მოჰყვა სროლა და დადგა ეს შედეგი - ზვიადაური მკვლელობის დეტალებს იხსენებს

17.08.21 23:41
ჩხუბს მოჰყვა სროლა და დადგა ეს შედეგი - ზვიადაური მკვლელობის დეტალებს იხსენებს

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა წინანდალში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება თელავის რაიონულ სასამართლოში გაიხსენა

განსასჯელის სკამზე მყოფი ზურაბ ზვიადაური აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე ახმეტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ჯაბა ჯანგირაშვილისგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა ჩხუბს და ინციდენტში მისი ძმა, ზვიად ზვიადაურიც, მონაწილეობდა. 

როცა დავურეკე ჩემს ძმას და მითხრა, ამ მცალიაო, დავურეკე ჯაბას, სად ხარ-თქო. მითხრა, რომ  წინანდალში ვართო. ამათ მოსვლიათ ჩხუბი - უცემიათ ჯაბა და მისი მეგობარი ამ ჯგუფს. როგორც მითხრა, მცემესო, მითხრა, სადაც იყვნენ. ზვიადი სად არის-თქო და აქ არისო.

ახმეტიდან წავედი. ადგილზე რომ ავედი, ხალხი შეგროვებული, ძალიან ბევრი ხალხი იყო შეგროვებული. პირველი ნაკადს რომ ავცდი, მივხდი, რომ 15 /20 მეტრის ზემოთ დავინახე ჩემი ძმა და ესენი. ზემოთ იყვნენ ესენი, ვისთანაც მივდიოდი მე. რომ მივედი და გავაჩერე მანქანა, გადმოვედი გადავკოცნე ჩემი ძმა, არ მენახა იმ დღეს. შევეკითხე, რა ხდება-თქო. ამის შემდეგ ქვემოთა მხრიდან დაიწყო ადამიანმა ყვირილი, რომელიც დილით იყო კონფლიქტში. გადმოდით წინ, თორემ აქ დაიღვრება სისხლიო. ამ ადამიანს ეკიდა ჩანთა და ხელი ჰქონდა ჩადებული. როგორც კი მივიდნენ ესენი, ლაპარაკი არც გაგრძელებულა, ატყდა ჩხუბი, ჩხუბს მოყვა სროლა და მოყვა ეს შედეგი - თქვა ზვიადაურმა.