სუიციდის ინსცენირება მოაწყვეს - რა გახდა ბაკურიანში 25 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი

20.08.21 13:00
სუიციდის ინსცენირება მოაწყვეს - რა გახდა ბაკურიანში 25 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი

ბაკურიანში ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს. ამურ შველიძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა მოკლეს და შემდეგ სუიციდის ინსცენირება მოაწყვეს. ოჯახს მტკიცებით, მამაკაცს ხელზე პრობლემა ჰქონდა და იარაღის გასროლას ვერ მოახერხებდა, როგორც ამას გომელაურის უწყება ამტკიცებს. 

ამის გარდა, შველიძეების თქმით, გარდაცვალების დღეს ბაკურიანში წვიმდა, თუმცა ცხედარს არც ტალახის კვალი და მათ შორის სისხლის კვალი არ აღენიშნებოდა. მეტიც, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, სადაც მოგვიანებით შველიძის ცხედარი იპოვეს, გასროლის ხმა არავის გაუგია.

შველიძეს ერთი სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 

დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე, ორი დღით ადრე 25 წლის შველიძეს ორი მამაკაცი შეხვდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

მათი თქმით, კონკრეტული პირები ამურ შველიძეს 15 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ და არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

მოკლულია და შემდეგ მოტანილი, იარაღი მას ისე ედო, რომ მას ასე ვერ დაიდებდა. არც სველი იყო, არც სისხლის კვალი ვიპოვეთ, ბალახიც კი არ იყო მოთელილი.  

ჩემს შვილს ვიღაცა, 15 წლის გოგონას გაუპატიურებას აბრალებდა. ვინ არის არ ვიცი, არც მის მშობლებს ვიცნობ"- აცხადებს გარდაცვლილის მამა. 

მისი თქმით, ამურ შველიძეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ცივი იარაღითაც დაემუქრნენ. 

ჩემ რძალს უთხრა, მანქანაში ჩამისვეს და ყელზე დანაც კი მომადესო, ხელი დამარტყესო"- აღნიშნავს ამურ შველიძის მამა. 

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

რაც შეეხება 15 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურების საქმეს, "პირველების" ინფორმაციით, პოლიციაში მსგავსი შეტყობინება არ შესულა.