"მოვკვდები აქ, მიშველეო" - მორიგი სატელეფონო ზარი საპატიმროდან
მორიგი ზარი საპატიმროდან - ლანჩხუთელი პატიმრის, ლაშა ცინცაძის, და ამბობს, რომ მისი ძმა ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია. ლიკა ცინცაძე ტვ პირველთან ყვება, რომ ბოლო სატელეფონო საუბარში ძმამ მას დახმარება სთხოვა. მისი თქმით, მსჯავრდებული უდანაშაულოა და ციხეში სასჯელს პროკურორის შეკერილი საქმის გამო იხდის.
ოჯახის წევრი ასევე ამბობს, რომ მის ძმას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ლაშა ცინცაძეს ეპილეფსია აქვს და ეტლით სარგებლობს.
ოჯახმა სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით უკვე მიმართა.
თავის ძმაკაცებს დაუდგა, რაღაც საასმართლოშ ჰქონდათ საქმე და მოწმედ ჰყავდათ ჩემი ძმა, მაგის გამო ჩაუჯინდა პროკურორი და უდანაშაულოდ დააკავა ჩემი ძმა. მერე გამოვიყვანეთ გირაოთი, 5900 ლარი შევიტანეთ, ორი წელი და ორი თვე გვატარეს სასამართლოებზე, მერე დააკავეს და მისცეს 4 წელი. ახლა ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს, ძალიან რთულადაა და არ მინდა, რომ მოკვდეს ციხეში ჩემი ძმა. შიმშილობს ჩემი ძმა, ერთი ათი დღეა, რაც შიმშილობს და არც კი შემხმიანებია. არც ვიცი მაგის ადგილსამყოფელი. დღეს რომ იყვნენ მისულები, ასე უთხრეს, რომ არ ვიცით ეგეთი პატიმარი აქ არ ყოფილაო და პირველად რომ მივიდნენ, მაშინ უთხრეს, რომ კი, იყოო. ერთი კვირის უკან დამირეკა, დამეხმარონო, მოვკვდები აქ, მიშველეო, - ამბობს პატიმრის და.