ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - მოქალაქეები ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებენ
"პირველების" ხელშია ახალი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, ხმის ფარულობის პრინციპის დაცვა.
კერძოდ, "ტვ პირველის" კორესპონდენტისთვის მიწოდებულ ერთ-ერთ კადრში მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ შედის ამომრჩეველი საარჩევნო კაბინაში სხვა პირთან ერთად, რომელიც უყურებს, ან კარნახობს, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი უნდა გააფერადოს.
ამასთან, "პირველებისთვის" მიწოდებული ვიდეომასალა ცხადყოფს იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ჩარჩო-კონვერტს ხსნიან, ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანს "ამოწმებენ" და შემდეგ თავად აცურებენ ბიულეტენს ხმის მიმცემ აპარატში.
როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, ნანუკა ყრუაშვილი აცხადებს, ერთ-ერთი დარღვევა ასევე ბიულეტენზე მარკერის გაჟონვა იყო. კერძოდ იურისტის განმარტებით, საარჩევნო ბიულეტენს უკანა მხარეს მარკირების კვალი ეტყობოდა და თვალსაჩინო ხდებოდა, თუ კონკრეტულმა პირმა ვის მისცა ხმა.
როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა ცესკოს, რომ ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა ბიულეტენზე მარკერის გაჟონვით, მან გვიპასუხა, რომ ფურცელი შეიცვლებოდა და არგუმენტს არ გაყვა ჩარჩო-კონვერტის შესახებ. მათ შეეძლოთ მოეწერათ, რომ ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას, მაგრამ ამის ნაცვლად, მათ მოგვწერეს, რომ ფურცელი შეიცვლებოდა და ხმის ფარულობა ამით იქნებოდა დაცული უბნებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა და ცესკომ ვერ უზრუნველყო ამ არჩევნების ხმის ფარულობის დაცვა.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ბიულეტენზე მარკერის კვალი მეორე მხარეს. ასევე საიამ დააფიქსირა სხვადასხვა დარღვევები, მაგალითად, კაბინაში შეყოლა. კომისიის წევრი, რომელიც წესით ტექნიკურად უნდა დახმარებოდა ამომრჩეველს, პირდაპირ მიდიოდა და ისე ეხმარებოდა. მარკირება, ფაქტობრივად, არ მუშაობდა. ასევე ბევრი ხარვეზი იყო ვერიფიკაციის აპარატებში. ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმისა, რომ ეს არჩევნები არ იყო ფარული", - ამბობს ნანუკა ყრუაშვილი.