The Insider: ივანიშვილის საეჭვო გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველო ავტორიტარიზმში ჩააგდოს
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს The Insider. მაღალი სანდოობით გამორჩეული გამოცემა წერს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვება საეჭვოა და ივანიშვილის საეჭვო ტრიუმფმა შესაძლოა, საქართველო ავტორიტარიზმსა და რეპრესიებში ჩააგდოს. სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთთან დაშორების საპირწონედ, სულ უფრო მაცდური სცენარია ივანიშვილის დაახლოება პუტინთან. სოციოლოგების მონაცემებთან შეუსაბამობის გარდა, არჩევნების შედეგები საეჭვოა მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო, რომელიც დამკვირვებლებმა და ჟურნალისტებმა ხმის მიცემის დროს დააფიქსირეს - წერია ინსაიდერის სტატიაში. ავტორს არ გამორჩენია არც მოსკოვიდან "ქართული ოცნების" მისამართით წამოსული პოლიტიკური კომპლიმენტები და ქება, რომელიც ასევე დასავლეთში აღრმავებს ეჭვებს ქართული ოცნების პრორუსულობის შესახებ.
"ცესკომ გენერალურ პროკურატურას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, შესაძლო, გაყალბების გამოძიების თხოვნით მიმართა. ოპოზიციამ, რომელმაც არჩევნებამდე თბილისში მასშტაბური აქცია გამართა, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია მასობრივ ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებებს ეთანხმება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ექსპერტების აზრით, თუ ივანიშვილი შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ლგბტქ+ აქტივისტებს, გარდაუვალი რეპრესიები ელით. დასავლეთთან დაახლოების შეწყვეტა, ვლადიმერ პუტინთან ღია დაახლოებას ივანიშვილისთვის სულ უფრო მაცდურ სცენარად აქცევს...
სოციოლოგების მონაცემებთან შეუსაბამობის გარდა, არჩევნების შედეგები საეჭვოა მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო, რომელიც დამკვირვებლებმა და ჟურნალისტებმა ხმის მიცემის დროს დააფიქსირეს. ამაზე მათ შორის ისაუბრა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაფიქსირდა იძულების მრავალრიცხოვანი ფაქტები, ასევე იყო დაშინება და ხმის ფარულობის დარღვევები. მმართველი პარტიის წარმომადგენლები დააფიქსირეს ხმის მიცემის დროს, როცა მოქალაქე ხმას აძლევდა. დამკვირვებლები გაჰყავდათ საარჩევნო უბნებიდან, მათ თავს ესხმოდნენ პროსახელისუფლებო "აქტივისტები". რამდენიმე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს "კარუსელი" და ასევე ერთ ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის ფაქტი. გარდა ამისა, მედიები იტყობინებოდნენ ძალადობის ფაქტების შესახებ უშუალოდ არჩევნების დღეს: თავდასხმები ოპოზიციაზე, დამკვირვებლებზე და ჩხუბი წამქეზებელთა მონაწილეობით, სავარაუდოდ, ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე...
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს გაცხადებული აქვთ დასავლეთისკენ სვლა, პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის დაპირება აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების "გადატვირთვა", სავარაუდოდ, არ შესრულდება. ამის მაგივრად, ქართული ოცნების გამარჯვება დიდი ალბათობით უფრო მეტად გაართულებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან... კრემლი მიესალმება, იმას, რომ ივანიშვილი უფრო მეტად აღრმავებს ქართული ოცნების პრორუსულ მიმართულებას, რაზეც მოსკოვიდან წამოსული პოზიტიური კომენტარები მეტყველებს, რომლებიც არჩევნებს ეხება", - წერს The Insider-ი.