ბიულეტენების ჩაყრის სკანდალი - მაგისტრი მოსამართლე ისკანდაროვების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
ბიულეტენების ჩაყრის სკანდალი მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე - მაგისტრი მოსამართლე ისკანდაროვების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. არჩევნების გაყალბების საქმეში ბრალდებული როვშან ისკანდაროვია. მის წინააღმდეგ არსებობს მყარი ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ სწორედ მან ჩაყარა ბიულეტენების დიდი შეკვრა მარნეულის ერთ-ერთი სოფლის საარჩევნო უბანში. მასთან ერთად დააკავებულია ეტივარ ისკანდაროვი, რომელიც ბიძაშვილს ბიულეტენებს აწვდიდა.
"პირველების" ინფორმაციით, როვშან ისკანდაროვი, რომელიც მარნეულის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან", გამოძებასთან არ თანამშრომლობს. სახელმწიფო ბრალდება ორივე დაკავებულის პატიმრობას ითხოვს.
ადვოკატი კი ამბობს, რომ ისკანდაროვებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და ის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა რეალობას არ ასახავს.
ისინი არ ცნობენ თავს დამნაშავედ, შესაბამისად, ჩვენ არ ვიშუამდგომლებთ არცერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ალტერნატივის სახით მაინც შევთავაზებთ გირაოს. ის კადრები რაც ჩანს გარკვეულწილად ამოგლეჯილია კონტექსტიდან, ამ საკითხს კიდევ რაღაც საკითხები უძღოდა წინ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ", - ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.