ბიულეტენების ჩაყრის სკანდალი - ისკანდაროვები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა
№69-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების გაყალბების საქმისთვის დაკავებული ისკანდაროვები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
როვშან ისკანდროვი, რომელმაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დასტა ჩაყარა დღეს ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. მარნეულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან" მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებთ ირწმუნებოდა, რომ დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა მონტაჟია.
"რომ ამბობენ, რომ გაყალბება მოხდა, მე არ მჭირდება გაყალბება. ყველამ იცის, რომ ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში ვინც ცხოვრობს ყველა პატივს მცემს და ყველა 100%-ით ჩემს გევრდით არიან. მეორე, ახლა ვიღაც კამერის მონტაჯს აკეთებს და ამის გამო ციხეში მიშვებენ, ეს როგორ შეილება. უბრალოდ იციან, რომ აქ მე ავტორიტეტით ვსარგებლობ და დაგეგმეს ეს ყველაფერი. მე იმედი მაქვს, რომ ეს "ნაცმოძრაობის" სასამართლო არ არის. ეს არის სამართლიანობის სასამართლო. მაღლა ღმერთი და თქვენ გენდობით, ბატონო მოსამართლე", - თქვა სასამართლოზე როვშან ისკანდროვმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.