ბურჯანაძე: ომბუდსმენს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება აქვს, ამის არცოდნა ალბათ, არაკომპეტენტურობაა

02.11.24 12:41
ბურჯანაძე: ომბუდსმენს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება აქვს, ამის არცოდნა ალბათ, არაკომპეტენტურობაა

ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამჟამინდელ ომბუდსმენს კომპეტენტურობას უწუნებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება აქვს.

ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა - წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

ბურჯანაძის თქმით, ეს უფლებამოსილება ერთადერთია, რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში.

"სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება და ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა.

ეს უფლებამოსილება ერთადერთია რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში დანარჩენი ორგანულ კანონშია

საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა" - წერს გიორგი ბურჯანაძე.

საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებას სახალხო დამცველის მანდატი არ ითვალისწინებს. 

„არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა , „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები