ბრძოლა გაყალბების წინააღმდეგ - საიას არცერთი სარჩელი ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა

04.11.24 11:43
ბრძოლა გაყალბების წინააღმდეგ  - საიას არცერთი სარჩელი ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა

უკვე მესამე დღეა, 24 სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელების განხილვა მიმდინარეობს, თუმცა მათი არცერთი სარჩელი ამ დრომდე, არ დაკმაყოფილებულა.

საია 24 სარჩელით 24 სასამართლოში ითხოვს, დაადგინონ, დაირღვა თუ არა არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა, რადგან მათ მიერ წარდგენიული ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებით ირწმუნებიან, რომ ამომრჩევლის ნება ფარული არ იყო და მელნის გაჟონვის შედეგად, მარტივად იყო აღქმადი, ბიულეტენის რომელ მხარეს გააკეთა არაჩევანი მოქალაქემ.

საიას წარმომადგენლის თქმით, მოსამართლეებს არ აინტერესებთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები და მათი არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვდაობდით ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე, თავდაპირველად დავაყენეთ შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ შერჩევითობის პრინციპით გახსნილიყო, კონკრეტულ ოლქებში შემავალი, კონკრეტული უბნების დალუქული ბიულეტენები და მოსამსართლეს თავისი თვალით ენახა ეს ბიულეტენები. ამით გვინდოდა მოსამართლე დაგვერწმუნებინა და კიდევ ერთხელ, საკუთარი თვალით ენახა ის ფაქტი, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს გადმოდიოდა ამომრჩევლის ნების კვალი.

წარდგენილი მტკიცებულებები და ჩვენ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები საკმარის საფუძველს იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილებისთვის, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჩვენი არც შუამდგომლობები დააკმაყოფილა და არც სარჩელი“,- ამბობს საიას იურისტი, ვერიკო ჯგერენაია. 

სასამართლოებს ასევე მიმართეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - “სამართლიანი არჩევნები“ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის დადგენის გარდა, ასევე ოქმებში შეუსაბამობებსაც ასაჩივრებს, თუმცა, არც მათ შემთხვევაში, არცერთმა მოსამართლემ მათი სარჩელები არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არ ახსოვთ აქამდე ფაქტი, სასამართლოს ცესკოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოს.

საია დღეს კიდევ ერთ სასმართლო პროცესს ელოდება - ეს ეხება თეთრიწყაროს, სადაც მოსამართლე მათ დასთანხმდა და ის ბიულეტენებს დააკვირდება. 

მსგავსი სიახლეები