ქვეყანას მოღალატეები მართავენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ - საპროტესტო აქციას ხელოვანები უერთდებიან

04.11.24 17:52
ქვეყანას მოღალატეები მართავენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ - საპროტესტო აქციას ხელოვანები უერთდებიან

ხელოვანები, სტუდენტები, მსახიობები და მუსიკოსები დღეს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან იმისთვის, რომ საკუთარი არჩევანი დაიცვან. ისინი 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ  საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ხელოვანები ამბობენ, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და ისინი მზად არიან, ყოველდღე გავიდნენ რუსთაველის გამზრიზე, რათა დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი.

მათი თქმით, ევროპული კურსი საფრთხეშია, რადგან “ოცნებამ“ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

ბრძოლა შედის გადამწყვეტ ფაზაში. ენერგიის და ძალის მოკრება აუცილებელია. საქართველოს მიმართ სიყვარული და თავდადება არ არის ის მომენტი, რომ დღეს ხარ გულანთებული და ხვალ ეს მდგომარეობა გადაგივლის. ამ  ქვეყანას მოღალატეები მართავენ, ანგრევენ და ძარცვავენ. ყველაფერ გააკეთებენ, რომ საქართველო დააამხონ და გაანადგურონ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ, არც ჩვენი წარსული, არც დღევანდელობა და არც მომავალი“,- განაცხადა მხატვარმა, გია ბუღაძემ.

ვერასდროს მივიღებ განსხვავებულ აზრად ქვეყნის და ხალხის ღალატს. ვერც იმას მივიღებ, რომ გაბაცებულად არის საქართველოს რუკაზე სამაჩაბლო და აფხაზეთი. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი ემიგრანტების ხმები. ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი და მგონია, რომ ეს არის ბოლო ბრძოლა, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ“, - განაცხადა  მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა.

ჩემი იქ მისვლით, კიდევ ერთხელ საკუთარ თავთან ვიქნები მართალი, რომ მაშინ როცა, ძალიან ცუდად გაყალბდა არჩევნები, მე სახლში არ ვიჯექი. ვფიქრობ ბევრი ადამიანი გამოვა, რადგან მგონია, რომ ქართველის დაღლა პატრიოტიზმში, შეუძლებელია“, - განაცხადა მსახიობმა, სანდრო კაკულიამ.

პარლამენტის შენობასთან სცენა უკვე დამონტაჟებულია. აქციააა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. ტრიბუნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიკავებენ და აქციაზე მისულ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

მსგავსი სიახლეები