სააპელაციოში საარჩევნო დავების განხილვა იწყება - საქმეებს შორისაა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებაც
სააპელაციო სასამართლოში დღეს "სამართლიანი არჩევნების" სარჩელებს განიხილავენ. საქმეები გაერთიანებულია და პროცესზე, რომელიც 12:00 საათზე იწყება, ბიულეტენების ბათილობა-ნამდვილობის საკითხებზე უნდა იმსჯელონ.
დღეს სააპელაციო სასამართლოში განიხილება „სამართლიანი არჩევნების“ საქმეები, რომლებიც გაერთიანდა და ქალბატონ იუნონა თოდუას დაეწერა. განსახილველ საკითხებს რაც შეეხება, ეს არის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის, ჩუღურეთისა და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის საქმეები, რა შემთხვევებშიც მოთხოვნილია უბნებზე გადათვლა. გორის შემთხვევაში ბათილი ბიულეტენების გადათვლა, ხოლო კრწანისისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში მოთხოვნილი გვაქვს ბიულეტენების შედეგების ხელახლა გადათვლა იმდენად, რამდენადაც პროცედურული ნორმების დარღვევით მოხდა აღნიშნული და ბათილი ბიულეტენები მიჩნეული იქნა ნამდვილ ბიულეტენებად, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ხატია ცეცხლაძე.
დღესვე 14:00 საათზე სასამართლო საიას სარჩელებზე იმსჯელებს. ასევე განიხილება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო.
დღეს სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიმართოს მნიშვნელოვანი სხდომები, ვინაიდან აქ არის საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეებზე, რომლებიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არის წარდგენილი. მათ შორის არის საია, ISFED, „ჩემი ხმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. სხვადასხვა დავებია, რომლებმაც საბოლოო ჯამში, თავი მოიყარა ამ სასამართლოში. განიხილება ასევე ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო ვლადიმერ ხუჭუამ და გამოიწვია დიდი რეზონანსი ჩვენს საზოგადოებაში, - ამბობს „სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.