ცესკომ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგ უბანზე შესაძლოა, კაცების აქტივობა მაღალი იყოს - ნინო დოლიძე
“სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე, შესაძლოა, კაცი ამომრჩევლების აქტივობა 100%-ზე მაღალი იყოს.
ამასთან, ცესკოს მითითებას, რომ საარჩევნო კოდექსით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის გენდერულ ჭრილში დათვლა სავალდებულო არაა, ნინო დოლიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ “კვლევარებსა და სოციოლოგებსაც ზუსტი სტატისტიკა სჭირდებათ .“
დღეს წარმოვადგინეთ საარჩევნო სიის ანალიზი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებილი. ამგვარი არალოგიკური მონაცემები, ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრიფინგზე ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე შესაძლოა:
იყოს ასეთი სტატისტიკა, ანუ კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება.
აქვე ცესკომ აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ნორმას და შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებს და სოციოლოგებს გენდერული სტატისტიკა აწარმოონ. ვფიქრობთ, მკვლევარებსა და სოციოლოგებსაც სჭირდებათ ზუსტი სტატისტიკა.
ინფორმაციისთვის: ცესკოს დადგენილებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ელექტრონულ უბნებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შესაბამისი პერიოდებისთვის (10:00, 12:00, 15:00, 17:00, 20:00 საათზე) ამობეჭდილ ქვითარში/ანგარიშში მითითებულ კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას უმატებს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობისას) შეყვანილი ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამს, მათ შორის გენდერულ ჭრილში. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ასევე პერიოდულად ეგზავნება ტრადიციული უბნებიდან ცეტრალურ საარჩევნო კომისიას, გენდერულ ჭრილში", - აღნიშნავს დოლიძე.