სასამართლოებმა სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილეს
სასამართლოებმა სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილეს, - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.
მათივე ცნობით, ისინი საქართველოს მასშტაბით 246 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობას ითხოვდნენ.
“დადებითი შედეგი არცერთ საჩივარს არ მოჰყოლია“, - წერია განცხადებაში.
საარჩევნო დავები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დასასრულს მიუახლოვდა. საბოლოო ჯამში, კოალიციური სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” მიერ საქართველოს მასშტაბით 246 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობა იყო მოთხოვნილი, რომელშიც 417 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ყველა მოთხოვნა უარყოფილ იქნა ქუთაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 5 და 6 ნოემბერს განიხილა და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრები, რომლებითაც ვითხოვდით დასავლეთ საქართველოს 66 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას. 7 ნოემბერს, თითქმის 22 საათიანი უწყვეტი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე უარი განაცხადა ჩვენი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რომლებითაც მოთხოვნილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების 13 გადაწყვეტილებისა და დაახლოებით 140 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, ხმის ფარულობის დარღვევის გამო, თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო უბნების ბათილობის თაობაზე.
გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან მიღებული შეტყობინების თანახმად, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ჩვენ სააპელაციო საჩივარს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოთხოვნილია შიდა ქართლის საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობა. ქუთაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ დიდი ალბათობით თბილისის სააპელაციო სასამართლო არც ამ სააპელაციო საჩივარს დააკმაყოფილებს.
ჩვენი სააპელაციო საჩივრები ყველა შემთხვევაში ეფუძნებოდა ხმის ფარულობის დარღვევას, დამკვირვებლებისათვის დაკვირვების პროცესში ხელშეშლას, საჩივრების რეგისტრაციაზე დამკვირვებლების მოთხოვნაზე უარს, ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას, ხმის რამდენჯერმე მიცემას, მარკირების წესების დარღვევას, სხვის მაგივრად ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობის ან პირადი ნომრის გამოყენებით, საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას და სხვა.
ორივე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ “ქართულ ოცნებასთან” ან სასამართლოში გაბატონებულ “კლანთან” დაახლოებული მოსამართლეები; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში: ზაზა რამიშვილი, ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე და ხობის საკრებულოში “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამა - შოთა სირაძე; ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოში: დავით ახალბედაშვილი, გოჩა დიდავა და კლანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - დიმიტრი გვრიტიშვილი.
სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” დამკვირვებლები კენჭისყრის დღეს 1131 საარჩევნო უბანს მუდმივად, ხოლო ასობით უბანს მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდენოდნენ. აღნიშნული უბნებიდან: დამკვირვებელს ხელი შეშალა დაკვირვებაში - 160 საარჩევნო უბანზე; მარკირება არ შემოწმებულა - 191 საარჩევნო უბანზე; მარკირება არ კეთდებოდა - 153 საარჩევნო უბანზე; ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 365 უბანზე; ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა დაფიქსირდა - 85 უბანზე; არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ - 259 საარჩევნო უბანზე. ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, ანუ ჩვენ მიერ დაკვირვებული უბნების 17%, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემური ხასიათი.
აღნიშნული დარღვევები გასაჩივრებულ იქნა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებში, ხოლო შემდეგ საერთო სასამართლოებში. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დადებითი შედეგი არცერთ საჩივარს არ მოჰყოლია“,- წერია ინფორმაციაში.