უშიკიშვილი: "დღეს ყველა იბრძვის - ეს სამშობლოს სჭირდება"
თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობას მომღერალი გიორგი უშიკიშვილი შეუერთდა.
როგორც გიორგი უშიკიშვილმა "პირველებთან" საუბრის დროს განაცხადა, აქციაზე საკუთარი ხმის და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დგას.
დღეს ყველა ჩვენგანი არის ლიდერი, ყველა იბრძვის, ყველას წაართვეს ხმა. მე ვერ ვიბრძოლებ თქვენ მაგივრად, თქვენ ვერ იბრძოლებთ ჩემ მაგივრად. ეს სამშობლოს სჭირდება. თუ ჩვენ დღეს ხელები ჩამოვუშვით და დავტოვეთ ის მოცემულობა, რაც გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო არჩევნებს აზრი არ ექნება. ეს იქნება უკვე ფორმალობა და ჩვენ აღმოვჩნდებით მძიმე მდგომარეობაში, ძალიან შორს წავალთ ევროპისგან.
ახლა ჩვენ, რაც გვჭირდება არის სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი პროკურატურა, სასამართლო. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა. ევროპაში ჩვენ იმიტომ კი არ გვინდა, რომ სიტყვა ევროპა მოგვწონს, იქ არის სწორედ სამართლიანი სასამართლო, არჩევნები, კარგი სოციალური დაცვა, კარგი ჯანმრთელობის დაცვა. ჩვენ ვიცავთ აქ ჩვენს მომავალს'', - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.
"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.