ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" სხდომა გამართა - ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
საგანგებო მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში - ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა გამართა, რომელიც ამ წუთებში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, რადგან "უშიშროების საბჭოს" შენობასთან აქციაა.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „რესპუბლიკური ტრასის უკანონო ბლოკირებით გამოწვეული სიტუაციის“ გამო გამართულ სხდომაზე „ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა“ ბჟანიას „მოახსენეს ზომები, რომლებსაც მიმართავენ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბჟანიას მიერ მოწვეულ სხდომაზე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი ქუჩუბერიამ განაცხადა, რომ ამ სამსახურის შენობის ჭიშკართან „არეულობების დროს დაფიქსირებულია თანამშრომლებზე ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევები“, ერთ-ერთი პირი კი თავისი ავტომანქანით ცდილობდა ჭიშკრის შენგრევას. ქუჩუბერიას თანახმად, ამ პირის ვინაობა დადგენილია და დააკავებენ.
„ტასს“ მოჰყავს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებაც, რომ უშიშროების სამსახურთან შეკრებილთა ქმედებები და ავტომაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია 5 ოპოზიციური ფიგურა.
როგორც "რესპუბლიკა" იუწყება, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ხელბორკილები დაადეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ოპოზიციონერები აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას ეწინააღმდეგებოდნენ.
დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტეს.