საპროტესტო მსვლელობას დღეს ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტებიც გამართავენ
"ქართული ოცნების" მიერ ძალაუფლების უზურპაციას აპროტესტებენ პროფესორ-მასწავლებლებიც. აკადემიური საზოგადოება დღეს შეკრებას 17:00 საათზე აპირებს. ლექტორებისა და სტუდენტების ერთობლივი მარში სტარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსიდან აიღებს. "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული ადამიანები მოითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებასაც.
ხუთ საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსოტეტიდან, „ა“ კორპუსიდან დავიძრებით თსუ-ს მიმართულებით ლექტორ -მასწავლებლები, ჩვენ ასევე გვიერთდებიან სტუდენტები და მასწავლებლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ერთად ვაჩვენებთ პირველ რიგში, ერთიანობას და იმას, რომ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისთვის, არ ვაპირებთ დანებებას და ეს ბრძოლა არის საერთო ბრძოლა. ამ ბრძოლას არ აქვს ასაკი, არ აქვს პროფესია და ეს ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის და რაც მთავარია, იმისთვის, რომ გვქონდეს სახელმწიფო, - ამბობს ლექტორი.
დღეს თბილისი საპროტესტო ეპიცენტრი მთელი დღის განმავლობაში იქნება. დილიდან ამ დრომდე რამდენიმე აქცია უკვე დაიწყო. საღამოს 21:00 საათზე კი მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართება. აქციის მონაწილეები იქ კარვებს გაშლიან და ღამეს გაათენებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან "ოცნება" გეგმავს, პარლამენტის პირველი სხდომა გამართოს. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ალაგიტიმურია და ამიტომ, პარლამენტის შეკრების პარალელურად პროტესტს აანონსებს.