"ოცნებას" უნდა, რუსეთის გუბერნიად გვაქციოს" - ხელოვანები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან
რუსთაველის მეტროსთან ახლა კულტურის სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან. მოქალაქეეები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები ამბობენ, რომ ახლა სახლში ყოფნა დანაშაულია. ხელოვანების თქმით, ქუჩაში დგომის და ხმის ამოღების დროა, რადგან ოლიგარქის ხელისუფლება საქართველოს გარუსებას უპირებს და ევროპას აშორებს.
ძალიან რთულია დღესდღეობით ვინმეს რამე აუხსნა, იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი არის ძალიან ნათელი და ვინმე თუ ვერ ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, განცდა მაქვს, რომ ეს არის არჩევანი, რომ არ დაინახოს. არავისთვის არ არის დღესდღეობით უსაფრთხო, რომ ხმა აიმაღლოს, მაგრამ რა არის ხელოვანის საქმე, თუ არა დადგეს თავისი მხაყურებლის მხარეს. რა არის ხელოვანის საქმე, თუ არა დადგეს აუდიტორიის მხარეს და გააჟღეროს მათი ხმა. მე მჯერა, რომ დადგება მომენტი, როცა ის კანონები, რომელიც შემოიღეს, ის რეალობა, რომელიც დღესდღეობით დაგვიდგა და კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს ცოტა ხანში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ყველას შეეხება, - ამბობს რეჟისორი დათა თავაძე.
რეჟისორი ნანა ჯორჯაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებამ" ქართველი ხალხის 12 წელი ტყუილში აცხოვრა და გაყალბებული არჩევნებიც მათი ერთ-ერთუ კრიმინალური ნაბიჯია.
მე იმდენი პრობლემა მაქვს, იმდენი საკითხი და იმდენი კითხვის ნიშანი და იმხელა უკმაყოფილება ამ მთავრობის მიმართ, რომ ერთი რამით ვერ შემოვისაზღვრები. მარტო არჩევნების გაყალბება არ არის. ეს არის ერთ-ერთი მათი კრიმინალური ნაბიჯი. ამდენი ახალგაზრდის და ამდენი ბავშვების დაპატიმრება. გარდა ამისა, 12 წელია ამხელა ტყუილში გვამყოფებენ. მათი გზა არის, ძალიან უხეშად და პრიმიტიულად რომ ვთქვა, ქვეყნის რუსეთის გუბერნიად გადაქცევა, - ამბობს რეჟისორინანა ჯორჯაძე.
აქციის მონაწილეების პირველი გაჩერება ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტია, შემდეგ კი ყველა ერთად პარლამენტის წინ დიდ აქციაზე გადაინაცვლებენ.