სკანდალური ჩვენება სასამართლო დარბაზში - ანატოლი გიგაური პოლიციელებს სასტიკ ძალადობაში ამხელს (ვიდეო)
სკანდალური ჩვენება სასამართლო დარბაზში - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა გომელაურის უწყების თანამშრომლები სასტიკ ძალადობაში პირდაპირ მოსამართლის წინაშე ამხილა.
დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე დეტალურად მოყვა, თუ როგორ აწამეს სამართალდამცველებმა ჯგუფურად და როგორ სცემდნენ გამეტებით დაკავების ადგილიდან წინასწარი მოთავსების იზოლატორამდე.
ანატოლი გიგაურის ჩვენების მიხედვით, პოლიციელებმა მასზე ორ ეტაპად იძალადეს. თავდაპირველად, სამართალდამცველებმა მისი თქმით, სისხლიანი ანგარიშსწორება ხელბორკილების დადების პროცესში განახორციელეს და სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.
ანატოლი გიგაური ყვება, რომ წინასწარ იზოლატორში მოთავსებამდე, გზაში პოლიციელებმა მანქანა აფთიაქთან გააჩერეს და დაზიანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამედიცინო საშუალებებიც კი იყიდეს - "სისხლდენას რომ ვერ მიჩერებდნენ, აფთიაქშიც კი გადავიდნენ, რათა სამედიცინო დამხმარება თავად გაეწიათ".
ძალადობის მეორე ეპიზოდი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მოხდა, როდესაც დაკავებულთან ოთახში სწორედ ის სამართალდამცველი მივიდა, რომელიც ანატოლი გიგაურის რუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა.
"მოსულმა პოლიციელმა თავში ათჯერ ჩამარტყა" - ამბობს ანატოლი გიგაური, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაუშვა.
წინააღმდეგობა არ გამიწევია. მომივარდა ორი პოლიციელი, მიგრიხავს ხელებს. გამიყვანეს მანქანის უკან და თავში უამრავი რაღაც მომარტყეს, მცემეს. შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს საბურთალოს პოლიციაში. ცდილობდნენ, რომ ჩემთვის სისხლი შეეჩერებინათ. საქართველოს ბანკთან აღმართზე გააჩერეს მანქანა, გადავიდნენ აფთიაქში, მომწმინდეს სისხლი. თან ურეკავდნენ, შეუწყვიტეთ სისხლი, შეუწყვიტეთ სისხლიო? მერე მივედით განყოფილებაში. დამსვეს ერთ-ერთ ოთახში და დაიწყეს საუბარი, რა და როგორ მოხდა. მე ხმას არ ვიღებდი. შემდეგ მოვიდა ის ადამიანი, რომელმაც ხელი დამარტყა, შემოდის ჩემს ოთახში. მოსულმა პოლიციელმა თავში ათჯერ ჩამარტყა. მანამდე მაძალებდნენ, რომ ჩემი ტანსაცმელი გამეხადა და მათი მოტანილი ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა", - ამბობს ანატოლი გიგაური.
შეგახსნებეთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.