საქართველოს ისტორიაში ასეთი სასტიკი და განგრძობითი ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არასდროს ყოფილა - სხილაძე
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არალეგიტიმურ ძალად აცხადებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი დღეს პრეზიდენტია.
ეკა სხილაძე თბილისის ქუჩებში განვითარებულ სისხლიან მოვლენებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "საქართველოს ისტორიაში ასეთი სასტიკი და განგრძობითი ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არასდროს ყოფილა".
ეს ხელისუფლება არ არის ხალხისთვის. დღეს ძალა არის ხალხში. გუშინ და დღეს ყველამ დაინახა, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მავნებლობა ყველა ადამიანს ეხება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ შევიკრიბებით და ყველაფერი დასრულდება. რატომ არის ხანგრძლივი პროცესი? ხელისუფლებას არ დაუწყია გუშინ ეს ყველაფერი. მათ დაიწყეს, როდესაც მიიტაცეს ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. დღეს საქართველოში მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია დამოუკიდებელი. ხელისუფლებამ ყველა ძალა იღონა, რომ ხალხში წინააღმდეგობა შეესუსტებინა. შემდეგ გვქონდა მასშტაბური გაყალბება და ამ გაყალბების შესანარჩუნებლად ვხედავთ, რა არაადამიანური მოპყრობისა და წამების მასშტაბებს იყენებს. საქართველოს ისტორიაში ასეთი სასტიკი და განგრძობითი ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა", - ამბობს ეკა სხილაძე.