პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრია რუსთაველის გამზირი - მსვლელობას სტუდენტები მართავენ

17.12.24 15:54
პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრია რუსთაველის გამზირი - მსვლელობას სტუდენტები მართავენ

ამ დროისათვის პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი რუსთაველის გამზირია, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყეს და პარლამენტთან გადაინაცვლეს. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები მოიპარა და კანონებიც საკუთარ თავზე მოირგო.  

ჩვენ ვაგრძელებთ 1921 წლის მებრძოლი სტუდენტების, 14 აპრილის სტუდენტების, 9 აპრილის სტუდენტების გზას. არ დავნებდებით და არ ვაპირებთ, რომ ჩენი შემდეგი თაობაც რუსთაველზე დგომით გაჭაღარავდეს. ჩვენ ვაპირებთ, მთელი ქალაქი მოვიცვათ ყოველ დღე. მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება აქცია. ყველგან, სადაც შევძლებთ, გავაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენი ხმა იქნა მოპარული. როცა ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი ხელისუფლებამ რაღა უნდა გააკეთოს, როგორღაც მაინც ახერხებს. ბოლო 9 დღეში ისე შეცვალეს ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია, რომ ადამიანის უფლებებზე საერთოდ აღარ არის მორგებული. ეს არის, უბრალოდ, ხელისუფლების კომფორტისთვის შედგენილი ფურცლის ნაგლეჯი, - ამბობს აქციის მონაწილე.   

„ქართული ოცნება“ არ არის ლეგიტიმური მთავრობა, არიან მატყუარები. რა უნდა ვთქვა, როცა პოლიციელები სცემენ ხალხს. ამზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ მე რომ დახმარება დამჭირდეს, ვის უნდა მივმართო არც ვიცი. ეს ხალხი არის დიქტატორი, მოძალადე და ეს მთავრობ უნდ წავიდეს, - ამბობს პროტესტის კიდევ ერთი მოქალაქე.  

ახლა მსჯელობენ, რა მიმართულებით უნდა განაგრძონ მსვლელობა, ხოლო საღამოს 19:00 საათზე ისინი ტრადიციულად ისევ რუსთაველის გამზირზე იდგებიან.  

მსგავსი სიახლეები