ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ

17.12.24 15:53
ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, 21 წლის ალექსი თირქიას მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი და ის ითხოვს ადგომას. 

  • 21 წლის ბიჭს, 3 დეკემბერს, აქციაზე თვალის არეში ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, ის სედაციურ ძილში იმყოფებოდა.

"საგრძნობი პროგრესია 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, მათ შორის, მხედველობისაც. მართალია 100%-ით არ არის აღმდგარი მხედველობა, არც არის ასე ხანმოკლე პერიოდში მოსალოდნელი ასეთი ნახტომი, მაგრამ, პაციენტის შეფასებითვე, დაახლოებით 60-70% უკვე აღმდგარია. საექიმო შეფასებებიც დაახლოებით ემთხვევა პაციენტის შეფასებებს. ყველა პარამეტრი სტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებო გახლავთ. ამ ეტაპისთვის მისი დაყოვნება რეანიმაციულ დეპარტამენტში აღარ არის საჭირო და ალბათ დღეს ის გადაყვანილი იქნება იზოლირებულ პალატაში. პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი. ითხოვს ადგომას. ბუნებრივია, შეზღუდული გვაქვს გარკვეული მოსაზრებებით სრული თავისუფლება, ასისტირებით ის გადაადგილდება კიდეც. ასე რომ, მისი მდგომარეობა დღესდღეობით დამაკმაყოფილებელია" - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ექიმი.

მსგავსი სიახლეები