პოლიციელი, რომელმაც შსს-დან წასვლაზე განცხადება დაწერა, რუსთაველის გამზირზეა - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი გოგინაშვილთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც უწყება პროტესტის ნიშნად 3 დეკემბერს დატოვა, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა - გიორგი გოგინაშვილმა "პირველებს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგას.
გიორგი გოგინაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ვახტანგ გომელაურს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პატაკზე ხელი არ მოუწერია, ამიტომ როგორც პოლიციის თანამშრომელს კანონით შეკრება/მანიფესტაციაში მონაწილეობა ეკრძალება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასეირნოდ იმყოფება.
"ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გოგინაშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრს პოსტის დატოვების მოთხოვნით ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მიმართა - "კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა იყოს დაცული ყველას მიერ, ამის არ შესრულება დარღვევაა".
მინისტრს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ჩემს პატაკზე და ამ წუთასაც ვითვლები პოლიციის თანამშრომლად. მე კანონით მეკრძალება შეკრება/მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება, მაგრამ აქედან გამომდინარე, არ მეკრძალება რუსთაველის გამზირზე სეირნობა, ნაძვის ხის ნახვა, ამ უფლებით ვსარგებლობ და სწორედ ამიტომ ვარ აქ. შეკრება/მანიფესტაცია კანონით მეკრძალება და არ ვმონაწილეობ შეკრება/მანიფესტაციაში.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივმართე მინისტრს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამათავისუფლოს. მინდა მადლობა გამოვუხატო აქ შეკრებილ საზოგადოებას, რომლებიც სარგებლობენ უფლებით, რომ მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან პროტესტში და იბრძვიან საქართველოსთვის, საქართველოს კეთილდღეობისთვის.
როდესაც აქცია იმართება, შესაძლოა რაღაც გადაცდომები იყო. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა დარღვეულმა პასუხი უნდა აგოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება აქციის მონაწილე, პოლიციელი, თუ პოლიტიკური ფიგურა.
კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა იყოს დაცული ყველას მიერ, ამის არ შესრულება და არ გათვალისწინება დარღვევაა. ამას მოყვა პროტესტი და საზოგადოებას აქვს ამის უფლება", - ამბობს გიორგი გოგინაშვილი.