რა ინფორმაცია მიაწოდა “ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს
“ტვ პირველის“ ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც სპეციალური დანიშნულების რაზმების სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა. დღეს ის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა და მასზე თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჩიხლაძის თქმით, მან ალენ ბერსეს თავდასხმის ვიდეოც აჩვენა და უთხრა, რომ ახლა ევროპის მხრიდან მოქმედების დროა, რადგან ფატალური შემთხვევების შემდეგ, შეშფოთება აღარაფერს შეცვლის.
მე არა მხოლოდ მოვუყევი, არამედ ვაჩვენე ჩემზე თავდასხმის ვიდეო, ასევე ვუთხარი, რომ ის ადამიანები, ვისაც დღეს შეხვდნენ, მე ხელისუფლებას ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი არიან ამ ვიდეოს შემოქმედები. 12 დღე გავიდა და არავის არავინ დაუსჯია, ცხადზე ცხადია ამ ყველაფერის უკან დგას ხელისუფლება, მაშინ როცა მედია ვახერხებთ რაღაცების გამოკვლევას, რატომ ვერ აკეთებს ამა საგამოძიებო სამსახური. აბსურდია ეს ყველაფერი.
ასევე ვუთხარით, რომ ახლა არის დრო მოქმედების ევროპის მხრიდან, გვინახავს ბევრი ჟურნალისტი მოკლული რუსეთში და მერე შეშფოთება და აღშფოთება აღარ შველის ამას. ჩვენ ვართ რეალური საფრხთის ქვეშ და დილით რომ გავდივართ გადაღებაზე, არ ვიცით დავბრუნდებთ თუ არა.
მათი ინტერესი იყო დიდი და როგორც მივხვდი, სრულყოფილი ინფორმაციაც არ ჰქონდათ.
მეც, გურამიც - მხოლოდ ორი მაგალითი რომ ვთქვა, შემთხვევით ვართ სიკვდილს გადარჩენილები და ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ექიმები და სპეციალისტები“, - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე იმ ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა, რომლებმაც სპეციალური დანიშნულების რაზმების სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს.
დახურულ კარს მიღმა აუდიენციაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც საპროტესტო აქციის ფარგლებში დაშავებული, სასტიკად ნაცემი და დასახიჩრებული მოქალაქეების უფლებებს იცავენ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და ლევან იოსელიანთან უკვე გამართა. ალენ ბერსე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ალენ ბერსემ აუდიენცია მესამე სექტორთანაც გამართა, რაც შეეხება მედიას, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი 20 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადების გაკეთებას აპირებს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან