მოსამართლემ ზურა ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 27 დეკემბრამდე გადადო

20.12.24 15:48
მოსამართლემ ზურა ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 27 დეკემბრამდე გადადო

საქალაქო სასამართლოში პროცესების სერია გრძელდება - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეს განიხილავდა.

დღეს უნდა გადაწყვეტილიყო დააჯარიმებდნენ, თუ არა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს  პოლიციისადმი  დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. თუმცა, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 27 დეკებრამდე გადადო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო  ზურაბ ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების შეზღუდვას 3 წლით ითხოვდა. უწყება ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ლიდერი იარაღს აქციებზე ატარებდა. 

ადვოკატის თქმით, მისი დაკავება და ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უკანონოდაა მოპოვებული.

მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ თითქოს ზურა ჯაფარიძემ ჩაიდინა რაიმე სამართალდარღვევა, მათ შორის მოდავებული ქმედება, ეს არის 173-ე მუხლით გათვალისიწინებული ქმედება. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ჯაფარიძემ ხელოვნურად მოახდინა გზის გადაკეტვა“, - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება აქვს. დაცვის მხარემ მოსამართლეს დღეს განუმარტა, რატომ დადის ჯაფარიძე იარაღით და აღნიშნა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული არაა, ამიტომაც იარაღი მას თავდაცვისთვის სჭირდება.