ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები არ შეიცვლება
წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათები არ შეიცვლება. 31 დეკემბრის ღამეს მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას, უცვლელი იქნება ავტობუსების სამუშაო საათებიც.
ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს.
მერიის ინფორმაციით, “ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან გალაკონცერტი არაა დაგეგმილი.“
რაც შეეხება შობის ღამეს - მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.
6 იანვრის 00:00-დან 7 იანვრის 03:00 საათის მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
ცნობილია, რომ მოქალაქეები ახალი წლის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე აპირებენ. "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.