"პირველების" ინტერვიუ სინდისის პატიმრის ცოლთან, რომელმაც პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად, ნაყოფი დაკარგა

17.01.25 11:11
"პირველების" ინტერვიუ სინდისის პატიმრის ცოლთან, რომელმაც პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად, ნაყოფი დაკარგა

შოკისმომგვრელი ინტერვიუ სინდისის პატიმრის ცოლთან - ანრი კვარაცხელიას მეუღლე პოლიციას ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 

ნუცა ერემიანი "პირველებთან" იხსენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტის დაკავებისთვის სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მის სახლში შეიჭრნენ. მეტიც, კვარაცხელიასთვის ხელბორკილების დადების სპეცოპერაციის დროს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ყელში წვდა და საწოლზე გადააგდო. 

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ იმ დროისთვის ორსულად იყო, თუმცა ფსიქოლოგიური სტრესი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქალმა ორი კვირის თ ავზე მუცელი მოეშალა - "ექიმმა მითხრა, რომ სამი კვირის თავზე ნაყოფი დავკარგე".  

 "დღემდე ვსვამ წამლებს, ვიკეთებ გადასხმებს, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის" - აღნიშნავს ანრი კვარაცხელიას მეუღლე "პირველებთან" ინტერვიუში. 

დაიწყეს ბლაგვი საგნით კარის სახელურის გატეხა. ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა, ფანჯრიდან შემოსულიყო და წიხლებს ურტყამდა ფანჯარას. ხელითაც აწვებოდა და ცდილობდა ძალის გამოყენებით ან შუშა ჩაემსხვრია, ან თუნდაც გადმოეგდო ფანჯარა. როდესაც ვცადე ტელეფონით ვიდეოს ჩაწერა, ორივე ყელით ხელში მწვდა, მაღლა ამწია. იმ მომენტში დავბუჟდი, ვერაფერს ვგრძნობდი. უუნარო გავხდი, სუნთქვა მიჭირდა, მახრჩობდა უჰაერობაც. გადამაგდო საწოლზე.

ყველა წავიდა ჩემი მეუღლის მიმართულებით საძინებელში. მიდიოდა ჩოჩქოლი. ჩემს მეუღლეს და მის დას საწოლზე დაგდებულს ურტყამდნენ მუშტებს, წიხლებს. ყვირილზე, როდესაც ხმას უფრო მოვუმატე იმის იმედზე, რომ მეზობლები შემოსულიყვნენ დასახმარებლად, პირზე ამაფარეს ხელი.

ორი კვირის თავზე დამეწყო სუნთქვითი პრობლემები, ასევე მუცლის არეში ძლიერი ტკივილები. მუცლის გამო დავეჭვდი და წავედი ექიმთან ვიზიტზე. ექიმმა მითხრა, რომ სამი კვირის თავზე დავკარგე ნაყოფი. ეს იყო ძლიერი სტრესის ბრალი. ასევე მითხრა, რომ მჭირდებოდა დიდხნიანი დასვენება, ძალების მოკრება. დღემდე ვსვამ წამლებს, ვიკეთებ გადასხმებს, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის", - ამბობს ნუცა ერემიანი.

ცნობისთვის, ანრი კვარაცხელია 5 დეკემბერს დააკავეს. სასამართლო პროცესი 29 იანვარს არის დაგეგმილი. ახალგაზრდა აქტივისტს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. თუმცა, ოჯახი ამბობს, რომ პროკურატურას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია. 

მსგავსი სიახლეები