სეუ-ს სტუდენტები მე-4 ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ - ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიცია გამოიძახეს
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტებს კვლავ არ უშვებენ - ახალგაზრდებს ცივი ღამის გათენება კვლავ ღია ცის ქვეშ უწევთ. ამ წუთებში სტუდენტები საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარ შესასვლელთან იმყოფებიან და ადგილზე ლეიბები, პლედები აქვთ მიტანილი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა კარვებიც მიიტანეს და გაშლა სცადეს, თუმცა მათ წინააღმდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროტესტის ავანგარდში ქცეულ ახალგაზრდებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს.
ჩვენ ვიცოდით, რომ სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით ორშაბათს უნდა მოვსულიყავით. როდესაც მოვედით, უარი გაგვიცხადეს. ჯერ გვითხრეს, რომ პირველ თებერვალს აღდგება სტატუსიო, შემდეგ 5-შიო და ბოლოს გვითხრეს, რომ 15 თებერვლამდე არ აღდგება სტატუსიო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიტანეთ კარვები, რათა გაგვეშალა. ამდენი ხანი ქუჩაში ძილი გვიწევდა, სიცივეა. როდესაც მოვიტანეთ კარვები, პატრულს გამოუძახეს. როგორც კი გადმოვიდნენ, ეგრევე კარვებზე წავიდა საუბარი და გვითხრეს, არ უნდა გაშალოთო. დაცვის თანამშრომლებიც იყვნენ მოსულები, რომელთაც იარაღები, ავტომატები ეკიდათ", - ამბობს სტუდენტი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე მე-4 დღეა, რაც ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ. შვილების თაობა რექტორთან შეხვედრასა და გია კავთელიშვილისგან უნივერსიტეტის უკანონოდ დაკავებულ სტუდენტზე, ირაკლი მიმინოშვილზე პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.