"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - მოქალაქეებმა მდუმარე აქცია გამართეს

30.01.25 14:18
"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - მოქალაქეებმა მდუმარე აქცია გამართეს

მოშიმშილე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ - გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა მდუმარე აქცია გამართეს.

"გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი"; "მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები მიიტანეს ადგილზე მოქალაქეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ქალი უკანონოდ არის დაპატიმრებული. 

მზია ამაღლობელი იტანჯება ციხეში და ხელისუფლების რეაქცია არის იმდენად ცინიკური და ანტიადამიანური, არ ვიცი, რა შეიძლება ამას ეწოდოს", - განაცხადა მოქალაქემ. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეცხრამეტე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.