ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს შეხვედრაზე გამოსასვლელად მანძილის გავლა უჭირს

30.01.25 15:33
ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს შეხვედრაზე გამოსასვლელად მანძილის გავლა უჭირს

ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა - ამის შესახებ ინფორმაციას, "საიას" ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ქურდოვანიძე დარწმუნებულია, რომ "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დირექტორი შიმშილობას არ შეწყვეტს, ამიტომაც უფლებადამცველი მოითოვს, რომ მოხდეს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი და სამედიცინო დოკუმენტაცია მიეწოდოს მის ადვოკატებს.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა არის სრულ შიმშილზე. 
ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა.
მას შემდეგ რაც რუსთავის ციხეში გადმოიყვანეს, პირადად შევხვდი სამჯერ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს.
არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობა უნდა მოწმდებოდეს. რაღაც კვლევები და შემოწმებები მართლაც უტარდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომ ამის ალტერნატიული შემოწმება შევძლოთ.
ამიტომ, ჩვენ დღეს მივმართეთ სახალხო დამცველს შემდეგი საკითხებით:
1. სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
2. მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად; 
3. გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
4. შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
5. უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი", - წერს ქურდოვანიძე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.