ხმაური საზმაუს ბორდის სხდომაზე - პირველი არხის თანამშრომლები ხელისუფლების გავლენებზე ღიად ალაპარაკდნენ

30.01.25 21:00
ხმაური საზმაუს ბორდის სხდომაზე - პირველი არხის თანამშრომლები ხელისუფლების გავლენებზე ღიად ალაპარაკდნენ

ხმაურიანი განცხადება მოამბის წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. ჟურნალისტი, რომელიც პირველ არხზე წლებია მუშაობს, ხელისუფლების გავლენებზე ღიად ალაპარაკდა და ამაში ვასილ მაღლაფერიძე ამხილა.

ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც აქციებს არბევდნენ, ვასილ მაღლაფერიძე მოამბის საეთეროში პირადად იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, ის იღებდა გადაწყვეტილებას, რა გავიდოდა ეთერში და რა არა. 

მაღლაფერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელში პარტია "ქართული ოცნებიდან" გადაინაცვლა. მან დღეს ვერ უარყო, რომ აქციის დარბევის დროს ნამდვილად მოამბის საეთეროში იმყოფებოდა. მეტიც, თქვა, რომ საეთეროში სულ ორჯერ არის ნამყოფი და მეორედ იქ  რატომღაც  ყველაზე დიდი აქციის დარბევის დროს აღმოჩნდა.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარმა თანამშრომლებმა ამხილეს და მტკიცებულებებით დაადასტურეს, როგორ არჩევდნენ ეთერში გასაშვებ მასალას. ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება, როგორ დაიბლოკა მისსავე არხზე მისი ეპილეფსიანი დისშვილის დაკავება და როგორ იპოვა ეს კადრები სხვა ტელევიზიების ეთერში. 

ბორდის ხმაურიან სხდომაზე განხილვის საგანი პატრიარქის გაყალბებული საახალწლო მილოცვის ვიდეოც გახდა, რომლის გავრცელებაზეც პასუხისმგებლობა საპატრიარქოს პრესსამსახურმა იმთავითვე მოიხსნა, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ვიდეო მათ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მიაწოდა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.