"უნდა დასრულდეს ტერორი! ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას ტყვეობიდან მისი ერთგული შვილები" - ანდრო ჭიჭინაძის დედა
"უნდა დასრულდეს ტერორი! ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას ტყვეობიდან მისი ერთგული შვილები" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე წერს.
სინდისის პატიმრის მშობელი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გავიდნენ და რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს გვერდით დაუდგნენ.
"პოლიციაც ჩვენია, სასამართლოც ჩვენია და ეს ქვეყანა სრულად არის ჩვენი" - აღნიშნავს ლიკა გუნცაძე.
ერის სირცხვილია, ხალხო! ქართველმა ერმა უნდა აღიაროს ვალი, იკისროს პასუხისმგებლობა, ერთხმად უნდა მოითხოვოს და დაიხსნას ტყვეობიდან მისი ერთგული შვილები.
სიკეთით მოტივირებული ეს კეთილშობილი ხალხი უპირისპირდებოდა უხეშ, უსახურ, უპასუხისმგებლო ძალას. ეს ვნახეთ და ეს ვიცით ყველამ. ჩვენი მოსათხოვია და უნდა მოვითხოვოთ, უნდა დაბრუნდეს ეს ქვეყანა სამართლის ჩარჩოში. უნდა დასრულდეს ეს ტერორი.
პოლიციაც ჩვენია, სასამართლოც ჩვენია და ეს ქვეყანა სრულად არის ჩვენი. დღეს პატიმრების მხარდასაჭერი მარშია. დღეს ყველა გავიდეთ ქუჩაში და დავუდგეთ პატიმრების მშობლებს გვერდით!
რამდენი მარში დაგვჭირდება, რამხელა მარში დაგვჭირდება, რომ მივახვედროთ ოცნებას, დათმოს, ნუღარ გაჯიუტდება, ნუ შეეცდება ერის დამარცხებას!". - წერს ლიკა გუნცაძე.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ანდრო ჭიჭინაძე გლდანის ციხის E კორპუსში, 66-ე საკანშია გამომწყვდეული. 28 წლის მსახიობის დაჭერის შემდეგ არ გასულა დღე, რომ ანდროს კოლეგებს მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება არ მოეთხოვათ - ისინი უპრეცედენტო მხარდაჭერას აჩვენებენ.