გორის მერიის შენობიდან "სფეისს" აძევებენ - მოქალაქეები რეჟიმს რეპრესიებში ამხელენ

31.01.25 12:02
გორის მერიის შენობიდან "სფეისს" აძევებენ - მოქალაქეები რეჟიმს რეპრესიებში ამხელენ

გორის ციხის ძირში მდებარე ახალგაზრდული სოციალური სივრცე "სფეისის" დახურვის მცდელობის შემდეგ, მოქალაქეები გორის მერიას რეპრესიებში ამხელენ - ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი ადამიანები აცხადებენ, რომ "სფეისის" კაფეს დახურვის მცდელობით ივანიშვილის რეჟიმი კრიტიკული ხმის ჩახშობას ცდილობს. 

"სფეისის" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გორის მერიის შენობიდან მათი გამოძევების პროცესი სამოქალაქო აქტივიზმში მათივე აქტიურად ჩართულობას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობასა და "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის მიმართ არამხარდამჭერ დამოკიდებულებას უკავშირდება. 

"ეს არის "ოცნების" პასუხი, რომ ჩაახშოს, გააჩუმოს და მოსპოს ყველაფერი, რაც კი მათ არ აწყობთ" - ამბობს მოქალაქე "პირველებთან". 

რეპრესიული მანქანა უკვე ამოქმედდა. გუშინ იყო "ართჰაუსის" დახურვის მცდელობა და ამის პროცესი მიმდინარეობს, ახლა უკვე არის "სფეისის" კაფის დახურვის მცდელობა. უნდათ, ჩაახშონ დემოკრატიული ხმა, აღარ ისმოდეს აღარაფერი და მხოლოდ "ოცნების" ნარატივი ისმოდეს. ჩვენ ვხედავდით, რომ "სფეისის" კაფის წარმომადგენლები აქციებში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ეს არის "ოცნების" პასუხი, რომ დახუროს, ჩაახშოს, გააჩუმოს და მოსპოს ყველაფერი, რაც კი მათ არ აწყობთ", - ამბობს მოქალაქე. 

ახალგაზრდული სოციალური სივრცის წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები კაფეში საინფორმაციო კამპანიებს აწყობდნენ და მოქალაქეებს არჩევნებში თითოეული ხმის დაფიქსირების მნიშვნელობას უხსნიდნენ. 

"ამანაც განაპირობა ჩვენ მიერ ამ სივრცის დატოვება" - აღნიშნავს "სფეისის" კაფეს ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში და რუსული კანონის დროსაც ჩვენი სივრცე იყო მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც სურდათ, რომ საინფორმაციო კამპანიები ჩაეტარებინათ და ესაუბრათ არჩევნების, ერთი ხმის მნიშვნელობაზე. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩვენი ამ სივრცის დატოვება", - ამბობს მოქალაქე.

გორის მერია შენობიდან კიდევ ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას აძევებს. “სფეისი'',  ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცეა, რომელიც გორის ციხის ძირში მდებარეობს.

როგორც “სფეისი“ სოციალურ ქსელში წერს, 24 იანვარს “გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო“-სგან მიიღეს წერილი, რომ 31 იანვრამდე სივრცე გაეთავისუფლებინათ.