ბაჩიაშვილის საქმეზე მოწმეები იკითხებიან - რა ხდება პროცესზე

31.01.25 13:49
ბაჩიაშვილის საქმეზე მოწმეები იკითხებიან - რა ხდება პროცესზე

ბიტკოინების საქმე - საქალაქო სასამართლოში პირველი მოწმის გამოკითხვა დასრულდა. პროცესზე ზურაბ გოგუა გამოიკითხა, რომელსაც იმ დროს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილსა და ქართუ ბანკს შორის გარიგება შედგა, კომერციული დირექტორის პოსტი ეკავა. 

სხდომა დახურული იყო, შესაბამისად, რა მოუყვა მან მოსამართლეს, მედიისთვის უცნობია. მედიის წარმომადგენლებთან მას არც სხდომის დასრულების შემდეგ უსაბრია. არ უპასუხა კითხვებს, მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები, ესწრებოდა თუ არა სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას ან არსებობდა თუ არა რაიმე სახის ზეპირი შეთანხმება. 

მე დავიკითხე მოწმის სტატუსით, ყველა დასმულ შეკითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი, - თქვა გოგუამ ჟურნალისტებთან.  

ამ წუთებში პროცესზე კიდევ ერთი მოწმე იკითხება. პროკურორმა ამჯერადაც სხდომის დახურვა მოითხოვა. ამტკიცებდა, რომ გამოკითხვა შესაძლოა, ბანკის კომერციულ საიდუმლოებას შეეხებოდა. 

მას შემდეგ, რაც ადვოკატმა დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო სხდომა დახურული, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, პროცესი ღიად წარემართა. 

რეხვიაშვილს ერთჯერადად მონაწილეობა აქვს მიღებული ინფორმაციის გამოთხოვაში, ანუ ის ტექნიკური თანამშრომელია ბანკის, მივიდა მასთან საქმის გამომძიებელი ზაკალაშვილი და გამოითხოვა ინფორმაცია. შესაბამისად, რეახვიაშილმა დღეს უნდა თქვას, მართლა მივიდა ზაკალაშვილი და გამოითხოვა თუ არ მივიდა და ინფორმაცია გაყალბებულია. არანაირი სხვა ინფორმაცია საქმეზე მაგ მოწმეს არ გააჩნია, - თქვა ინტერესების დამცველმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.