"ჯერ რაც გვაქვს, არის მხოლოდ ერთხელ გაკეთებული საერთო ანალიზი" - მზია ამაღლობელის მოსანახულებლად მაია მწარიაშვილი მივიდა
მოშიმშილე მზია ამაღლობელის მოსანახულებლად მაია მწარიაშვილი შევიდა - დატყვევებული ჟურნალისტის უფლებადამცველმა N5 პენიტენციურ დაწესებულში მისვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის ადვოკატი სახალხო დამცველის აპარატისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 20 დღეა შიმშილობს, 27 იანვრამდე სისხლის საერთო ანალიზი მხოლოდ ერთხელ გაუკეთდა.
მაია მწარიაშვილს მიაჩნია, რომ რეჟიმის ტყვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მზია ამაღლობელის წარმომადგენლებს ცნობები ყოველდღიურად უნდა გადაეცემოდეს.
მისი ორივე დაკავება იყო უკანონო, როგორც ადმინისტრაციული წესით, ასევე სისხლის სამართლის წესით. დოკუმენტებით უნდა ვხედავდეთ, როგორია მისი მოვლა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა კვლევები ტარდება. ჯერ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ ერთხელ გაკეთებული საერთო ანალიზი 21 იანვარს. ადამიანი შიმშილობს და მხოლოდ ერთი სისხლის საერთო ანალიზია, რომელიც ჩაგვაბარა სახალხო დამცველმა. მეტი არაფერი კვლევა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში 27-ის ჩათვლით. ინფორმაციის დონეზე ვიცით, რომ 28-ში გაუკეთეს საერთო ანალიზი, მაგრამ მხოლოდ საერთო ანალიზზეა საუბარი. ჯერჯერობით ამ დონეზე ვოპერირებთ", - ამბობს მაია მწარიაშვილი.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.