ჩხრეკა ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში - ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ მის შვილს რეჟიმი აქციებზე დგომის გამო სჯის

31.01.25 20:14
ჩხრეკა ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში - ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ მის შვილს რეჟიმი აქციებზე დგომის გამო სჯის

ამ წუთებში, ჩხრეკა მიდის ერთ-ერთი აქტივისტის,  ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში, რომელსაც რეჟიმი, სავარაუდოდ, საპროტესტო ტრანსფარანტების გაკეთებას ედავება. 

ნიკოლოზ ლაცაბიძე 5-ის ნახევარზე გაუჩინარდა. როგორც მეგობრები ამბობენ, ჯერ ნიკოლოზი გრანელის ქუჩაზე 40 წუთის განმავლობაში ჰყავდათ საპოლიციო მანქანაში, ხოლო ახლა გომელაურის უწყების თანამშრომლები მის წინაღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ისე ატარებენ, რომ ახალგაზრდას ახლობლებთანაც არ დაარეკინეს. ჩხრეკას არ ესწრება აგრეთვე ადვოკატიც.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა მამაც, რომელსაც სამართალდამცველებმა მხოლოდ ეზოში შესვლის უფლება მისცეს. სახლთან იმყოფებიან ლაცაბიძის მეგობრებიც.

როგორც აქტივისტის მამა "პირველებთან" ამბობს, მის შვილს რეჟიმი  აქციებზე დგომის გამო სჯის.

"ტვ პირველმა" სცადა ლაცაბიძესთან გასაუბრებაც, თუმცა სამართალდამცველებმა აქტივისტს საუბრის საშუალება არ მისცეს. თავად გომელაურის უწყების თანამშრომლები კი არცერთ კითხვას არ პასუხობენ და არც იმას ამბობენ, რა მიზნით გაიტაცეს ჯერ აქტივისტი და შემდეგ რატომ აწარმოებენ საგამოძიებო მოქმედებებს მის სახლში. 

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

დღესვე პოლიციამ ვაჟას ფშაველას გამზირიდან გაიტაცა დათო ფუთურიძე. მეგობრები ყვებიან, რომ 12 საათიდან  აქტივისტი გატაცებული იყო. ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე მის სახლშიც.