ჩხრეკა აქტივისტების სახლებში - ნიკოლოზ ლაცაბიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზ ლაცაბიძე, რომლის სახლშიც გუშინ ღამით პოლიცია ჩხრეკას აწარმოებდა, გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც მისი უფლებადამცველი გუჯა ავსაჯანიშვილი "პირველებთან" ამბობს, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას აპირებენ.
"ვართ თანახმა თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჩვენ არ გვსურს პოლიციის განყოფილებაში მოხდეს ეს, რადგან ნიკასთვის სტრესულია" - ამბობს აქტივისტის ინტერესების დამცველი.
ადვოკატს მიაჩნია, რომ გამოძიება ფორმალურად არის დაწყებული, რადგან 239-ე პრიმა მუხლს არ სჭირდება ის რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციებში აქტიურად მონაწილე ბიჭის სახლში ატარებდნენ.
გუშინ ნიკოლოზი, ფაქტობრივად, ჰყავდათ დაკავებული. სახლში როდესაც მიიყვანეს ეს პოლიციის იძულების მექანიზმი იყო, რადგან ჯერ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა ამის შემდეგ ჰყავდათ მანქანაში და თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლო. რიდესაც მივედი შექმნეს პრობლემა ადვოკატის შეშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად მივალთ პოლიციაში და დავაფიქსირებთ იმას, რომ ჩვენ გვსურს გამოვიკითხოთ, ვართ თანახმა თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჩვენ არ გვსურს პოლიციის განყოფილებაში მოხდეს ეს იმიტომ, რომ ბატონი ნიკასთვის ეს არის სტრესული, მითუმეტეს გუშინდელი ღამის შემდგომ.
რას ედავებიან და რომელ მუხლს უყენებენ კი ფორმალურად გვპასუხობენ 239-ე პრიმა ნაწილს, მაგრამ მათი მოქმედები ამ მუხლისკენ არ მიემართება, რადგან მაგალითად ფეხსაცმლის მოძებნა არ სჭირდება ამ მუხლს. ამ მუხლს არ სჭირდება ისეთი რიგი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რასაც ატარებენ. ეს არის მუხლი, რომლითაც ფორმალურად არის დაწყებული გამოძიება და საით წავა ეს გამოძიება, კაცმა არ იცის '', - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.
ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა საკუთარი შვილის გამოკითხვაზე დაბარებას ახალგაზრდის სამოქალაქო აქტივიზმში აქტიურად ჩართულობას უკავშირებს. კაცი ვარაუდობს, რომ ნიკოლოზს ფინანსურ სანქციას დააკისრებენ.
დააჯარიმებენ ნიკოლოზს, მე ასე მგონია. აქციებში მონაწილეობას ვუკავშირებ, აქციებში მონაწილეობს საკრავიც აქვს და ბარნაბაზეც უკრავს. მეც დავდივარ აქციაზე, დასამალი რა მაქვს. მე ეს ღირსებად მიმაჩნია. დღეს, ვინც აქციაზე არ დადის და სახლში ზის, ის არის დამნაშავე, თორემ ვინც გამოდის ქუჩაში ,იმათ ვენაცვალე ყველას, თორემ ესენი კოლონიად აქცევენ ამ ქვეყანას'', - ამბობს აქტივისტის მამა.
შეგახსენებთ, 31 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დავით ფუთურიძის სახლებში. ნიკოლოზს, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე დაწერილ წარწერებს ედავებიან, თუმცა როგორც, თავად ამბობს "არაფერი გაუკეთებია". ჩხრეკის შემდეგ კი სახლებიდან ტანსაცმელი და ტექნიკაა წაიღეს.