"ოცნებას" პროტესტის ეშინია და მზად არის, ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს - იმნაძე

01.02.25 14:55
"ოცნებას" პროტესტის ეშინია და მზად არის, ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს - იმნაძე

მასშტაბურ აქციამდე ორი დღით ადრე, სტრატეგიული ობიექტების ნუსხისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზების დამატებას "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურამ იმნაძე ეხმაურება. 

გურამ იმნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართულ ოცნებას" პროტესტის ეშინია და სწორედ ამიტომ მზად არის, ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.

უფლებადამცველებმა ისედაც ვიცოდით, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდა დადგენილებაში. მეტიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ზრახვების ფონზე, გასაკვირიც კია, რომ აქამდე არ იყო ეს ქმედება კრიმინალიზებული.

ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს: ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს; ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა.

ავტორიტარი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ“, - წერს იმნაძე.

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა

დადგენილება "ქართული ოცნების" მთავრობამ მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე 2 დღით ადრე, 31 იანვარს გამოსცა. მას ხელს ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს. 

  • მოქალაქეები 2 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისი მოლთან შეიკრიბებიან და თბილისის შესასვლელ-გასასვლელ გზას გადაკეტავენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.