საია: "მზია ამაღლობელს ყველა საჭირო პროცედურა არ უტარდება"
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს.
ადვოკატების მოთხოვნა, დროულად მიგვეღო ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით დაკმაყოფილდა და მხოლოდ 31 იანვარს გადმოგვეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.
გადმოცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ასახავს პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის ჩატარებული სამედიცინო პროცედურების/გამოკლვევების შესახებ არსებულ მონაცემებს.
სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები.
ამის გათვალისწინებით, დღესვე გაიგზავნა შესაბამისი კორესპონდენცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.
განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა'', - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 21 -ე დღეა შიმშილობს.