ისაკო დევიძის სახლიდან პოლიციამ ლეპტოპები და დედის ოპერაციისთვის, სესხად გამოტანილი 2000 ლარი წაიღო
ისაკო დევიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლიდან 5 ცალი ლეპტოპი, საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ისაკოს ტელეფონი, ე.წ. ფლეშკა, ბანერი და დედის ოპერაციისთვის, სესხად გამოტანილი 2000 ლარი წაიღეს.
მე და მარი გასულები ვიყავით საქმეზე. მე მაღაზიაში შევედი, მარი წინ წამოვიდა. რომ გამოვედი მაღაზიიდან, მარიმ მითხრა, ჩხრეკაზე არიან შესულებიო და არ შეგიშვებენო. მე მაინც წამოვედი, რატომ არ უნდა შემოვეშვი არ ვიცი, რამდენად სამართლიანი ეს. წამოვედი, ამომყვნენ კიბეზე, კარების წინაც არ გამაჩერეს. ვითხოვდი აეხსნათ, რატომ აკავებდნენ. პასუხი არავინ არ გამცა, გამოვლენ და გეტყვიან.
რამდენიმე ხნის შემდეგ, გამოიყვანეს ისაკო და არავინ პასუხს არ მცემს, რა ხდება. შემდეგ ამოვედი, ამოვირბინე კიბეებზე და მე ვარ გამომძიებელიო, იმან მითხრა ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებულიო და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის მიზნითო. სახლში რომ შემოვედი ლეპტოპები, არც ჩემი, არც მარისი და არც ისაკოსი აღარ არის. ფული მქონდა კიდევ აქ 2 000 ლარი, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და ისიც აღარ არის. არავინ პასუხი არ გამცა, სად გადაჰყვათ, არაფერი საერთოდ. ყველა ერთმანეთთან მამისამართებდა და საბოლოოდ არავინ პასუხი არ გაგვცა ისე წავიდნენ'', - ამბობს ისაკო დევიძის დედა.
პოლიციამ ისაკო დევიძე დააკავა. ასევე, ილია ღლონტიც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს.