იყო მუქარა, ასევე კარის დაკეტვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა ფეხი "ჩაუყოლა" - ადვოკატი
ჩხრეკის დასრულების მიუხედავად, ნენსი ვოლანდის სახლს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ დრომდე არ ტოვებენ - სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატის ცნობით, ნენსი ვოლანდის მიმართ პოლიციამ მუქარა განახორციელა.
ახალგაზრდა ქალის უფლებადამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნენსი ვოლანდი გომელაურის უწყების თანამშრომლებს განყოფილებაში გადაყვანაზე უარს ეტყოდა, მაშინ მას ძალის გამოყენებით წაიყვანდნენ.
"ჩხრეკის შემდეგ, კარის დაკეტვისას ფეხი "ჩაუყოლა" ერთ-ერთმა პირმა, რომელიც თავის თავს უწოდებს პოლიციელს და უკანონოდ შებრუნდა ნენსის სახლში" - ამბობს ადვოკატი "პირველებთან".
ჩხრეკა ოფიციალურად დასრულდა. ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერეს, როგორც ადვოკატმა ასევე ნენსის დედამ. იმ ადამიანებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ჩხრეკას, სახლი რეალურად დატოვეს. თუმცა ამის შემდგომ ძალის გამოყენებით, კარის დაკეტვისას ფეხი ''ჩაუყოლა'' ერთ-ერთმა პირმა, რომელიც თავის თავს უწოდებს პოლიციელს და უკანონოდ შებრუნდა ნენსის სახლში.
ეს უკვე აღარ იყო კანონიერი შესვლა, რადგან ჩხრეკა დასრულებული იყო და ჩხრეკის ოქმიც შედგენილი, ახალი ორდერი არ იყო გაცემული. ეს პირი ჩხრეკაში არ მონაწილეობდა და შებრუნდა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. იქ იმყოფებოდა ნენსის დედა და დაიწყო ამ სიტუაციის ტელეფონით გადაღება.
ამ დროს ადვოკატისგან მოშორებით ნენსის უთხრა, თუ შენი ნებით არ წამოხვალ, რაც იდეაში მუქარა არის... ნენსი და ნენსის ადვოკატი აცხადებენ, რომ სასამართლოს მითითების შემდგომ გამოცხადდებოდნენ გამოკითხვაზე, ან ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების შემდგომ. უკანონოდ წაართვეს ნენსის დედას პირადი ტელეფონი. ნენსის დედა ჩხრეკის ოქმში არ იყო მოხსენიებული პირი და ვერც იქნებოდა მისი ტელეფონი ამოღების ობიექტი.
ტელეფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ ნენსის დედისთვის. მუქარის შედეგად ნენსი გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს სასწრაფო. ამ დრომდე ადვოკატს, ნენსისა და დედამის უკანონოდ აქვთ თავისუფლება აღკვეთილი იმიტომ, რომ მათ კარებთან დგას პოლიცია. ნენსის დედაც და ადვოკატიც ესაუბრებიან 112 -ს, როდესაც პოლიცია უკანონობას ჩადის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, თითოეული ქმედება არის უკანონო'', - ამბობს ადვოკატი.