"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა" - ლილოში მომხდარ მკვლელობაზე 2 პირი დააკავეს

01.02.25 17:36
"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა" - ლილოში მომხდარ მკვლელობაზე 2 პირი დააკავეს

მკვლელობა ლილოში - შსს-მ 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." -აცხადებს შსს. 

4 შვილის მამა, რომელიც სამშენებლო ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გუშინ, გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს.  

თვითმხილველების მონაყოლის თანახმად, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც მოქალაქეებს უჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება ისიც, რომ მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი.